იქამდე, სანამ ენა არ იტყვის

 

22 ნოემბერს კირკე- ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტულმა პლატფორმამ განახორციელა ექსპერიმენტული ცეკვის პერფორმანსი “იქამდე, სანამ ენა არ იტყვის”
პერფორმანსის შესახებ
საუკუნეებია, რაც ქალის ცხოვრება მოჯადოებულ წრეს ჰგავს, სადაც უსიცოცხლო,რუტინული საქმე ხშირად უბრალოდ ერთმანეთს ანაცვლებს. საუკუნეებია ქალს საგანგებოდ მისთვის მიჩენილი გენდერული როლი აქვს. ქალის განცდები, ცხოვრება,სურვილები, წარმატება თუ წარუმატებლობა იმ ლინზებიდან არის დანახული, რომელიც კაცებმა ჯერ თვითონ მოირგეს, შემდეგ კი ქალებსა და მთელს საზოგადოებას მოარგეს.  ქალების ამბები, როგორც წესი კაცებს მიერ შეთხზული ამბებია; ქალების სურვილები კაცების მიერ ნაკარნახები სურვილები; ქალების თვითაღქმა იმ განცდითაა მოჯადოებული, რომელიც ისევ და ისევ კაცებს ეკუთვნით; ქალის სხეული ძალაუფლებით ვაჭრობისა და მისი მუდმივი გადანაწილების ადგილია; ქალის მოძრაობაც კი კაცის მზერით არის მოჩარჩოებული. მიუხედავად ამისა, ხელოვნების ისტორიის ეპიცენტრში არაერთხელ ექცევიან ქალები საკუთარი ცხოვრების დეტალური აღწერით. შემოქმედებითი სამყარო ქალის რუტინულ ყოფას საუკუნეებია გამადიდებელი შუშით აკვირდება, იმ იმედით, რომ მასში ნორმალიზებული წესრიგის გარდა დაფარულ სურვილებს, ვნებებს, მისწრაფებებსა და ოცნებებს იპოვის.
ქალის ხილვადობა, მისი ისტორიის ხილვადობა, თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროშიც გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ოდესღაც საჯარო სივრცეებიდან გამქრალი ქალები დღეს თითქოს უბრუნდებიან იმ სივრცეებს, რომელთაც არასდროს მიაკუთვნებდნენ, თუმცა საზოგადოების ზეწოლის ფონზე, რასაც ქალები მუდმივად განიცდიან, ხელოვნების ისტორიისთვის უცვლელი რჩება შეკითხვა: რა არის ქალების ცხოვრებაში თავსმოხვეული წესრიგის გარდა მართლაც მათ მიერ განცდილი?
ქალის კონფლიქტი კაცის სამყაროსთან ყოველთვის საკუთარი სურველებისა და მისწრაფებების აღმოჩენის ფონზე იბადება, სადაც ქალი საკუთარ ცხოვრებაზე თავად იღებს ძალაუფლებას. მორჩილების საწინააღმდეგო სიცოცხლის ვნება, იცხოვროს ქალმა საკუთარი ცხოვრებითა და განცდებით მას საზოგადოების წარმოდგენებთან მუდმივად დაპირისპირებულს ხდის. ფემიციდის მაღალი მაჩვენებელი თუ ქალთა
მიმართ ძალადობის გაზრდილი რიცხვი პირდაპირ კავშირია ქალის სურვილთან იცხოვროს საკუთარი ცხოვრებითა და გონებით, ნაცვლად მუდმივი მორჩილებისა.
პერფორმანსი კიდევ ერთხელ აკვირდება ქალსა და მის ცხოვრებას, რომელიც საზოგადოების წნეხის ქვეშ მოექცა, რუტინულმა ცხოვრებამ და მუდმივმა შიშმა ქალს თითქოს სული ამოსჭამა. ქალი, ჩაკეტილ სივრცეში, მოჯადოებულ წრეში, გაქვავებული თუ გაყინული დროის შვილია, რომელიც ტკივილით აგრძელებს სვლას მიუხედავად ყველა სირთულისა . სამყაროში, სადაც მისთვის არაფერი იცვლება,თვითონ მუდმივად იცვლის ფორმას.ის ცვლილების არსებობის სურვილსა და საჭიროებას განასახიერებს.
ოთახში ცეკვავს ქალი და მისი დახმარებით მაყურებელი ხედავს, ადამიანს, რომელიც უხერხულადაა, შებოჭილია, პერიოდულად ბრაზი იპყრობს, ვერ ერგება მისთვის მინიჭებულ როლს და არც ის იცის როგორ შეცვალოს ეს. მას ხან უსუსურობის განცდა ეწვევა, ხანაც თვითდესტრუქციის სურვილი იპყრობს. ქალი სიჩუმეს ინარჩუნებს, გარშემო ისმის საყოფაცხოვრებო ნივთების ხმა, რომელიც დროებით არღვევს გარშემო გამეფებულ სიჩუმეს. ეს ქალი თითქოს ტკივილმა, საკუთარი თავის დამალვის სურვილმა დაადუმა, იმედგაცრუების შეგრძნებამ ხმა წაართვა და მხოლოდ რუტინული მოძრაობისა და შრომობის უნარიღა დაუტოვა. მხოლოდ ცეკვა და მუსიკაა , რომელიც სიცოცხლისაკენ მიბრუნების სურვილს აღძრავს , როგორც სიცოცხლის ვნების გამომხატველი უნივერსალური ენა.
პერფორმანსის დასასრულს კი პირველად მისი ბაგედან იბადება სიტყვა, როგორც ახალი სიცოცხლის, გაცოცხლების, მრავალწლიანი ძილიდან გამოღვიძების სიმბოლო. ეს პირველი ვერბალური აქტი ქალის რადიკალურ გარდაქმნაზე მიუთითებს. აღმოთქმული სიტყვა კი მეორედ დაბადების, მეორე შანსისა და სამყაროსთან ჰარმონიული გადაკვეთის სიმბოლოა . თითქოს ხელახლა ბადებს სამყაროს ბგერაში, სიტყვაში, ვიბრაციაში. ცეკვა და მუსიკა ბიძგისმიმცემი ხდება ქალისთვის, რათა მისი ხმა კოსმიურ ხმას შეუერთდეს, რაღაც გაცილებით უფრო დიდს და მნიშვნელოვანს, ცხოვრების მდორე რიტმიდან გარდამავალს მაგიურსა და უსასრულოში.
…..
კრედიტები
რეჟისორი და სცენარის ავტორი -მაკა კილაძე
მოცეკვავე და ქორეოგრაფი- ნატალია კუკულაძე
მუსიკოსი და კომპოზიტორი-სანდრო მიშელაშვილი
ფოტოგრაფი და პროექტის მენეჯერი- ნია ჯინელი
კოსტიუმი- ლაშაო გაბუნია Jesus Star
დიზაინერი- გიორგი თავშავაძე