შროშანი (ლათ. Lilium) — მრავალწლოვანი ბოლქვიანი ერთლებნიანი ბალახოვანი მცენარეების გვარი შროშანისებრთა ოჯახისა. 90-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. აქედან საქართველოში რვა სახეობა იზრდება, უმეტესობა კავკასიის ენდემია (ლათ. Lილიუმ ცაუცასიცუმ, Lილიუმ გეორგიცუმ, Lილიუმ კესსელრინგიანუმ და სხვ). დეკორატიული მიზნით აშენებენ ბაღებში, პარკებში. დიდი თეთრი, ყვითელი ან მონარინჯისფერო ყვავილები აქვთ, ბოლქვზე ერთმანეთზე კრამიტივით მიწყობილი ქერქლები. იზრდება მინდვრებზე, ტყისპირებზე, სუბალპურ მდელოებზე, მაღალ ბალახეულობაში. გამოყვანილია შროშანის მრავალი დეკორატიული ჯიში. ვეგეტაციის პირველ წელს მცენარე ჩვეულებრივ, არ ყვავილობს, მაგრამ იკეთებს პატარა ბოლქვს მიწაში, რომლის ზომა თანდათან იზრდება შემდეგ წლებში. მხოლოდ ბოლქვში მარაგების გარკვეული რაოდენობის მიღწევისას იწყებს მცენარე ყვავილობას და მას შემდეგ ყვავილობს ყოველ წელს. (ვიკიპედია)
შროშანის ფესვები და ბოლქვი სამკურნალოდ გამოიყენებოდა, მის ნაყენს მუცლის დაავადებების, ციების დროს, ასევე დამწვრობის და ჭრილობების სამკურნალოდ იყენებდნენ, ნაყენს მშობიარე ქალებსაც ასმევდნენ.
სხვადასხვა სახეობას და ფერს სხვადასხვა სიმბოლური მნიშვნელობა გააჩნია, ძირითადად გვხვდება თეთრი, ვარდისფერი, წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი:
თეთრი შროშანი სიწმინდის, სიქველის და აღორძინების სიმბოლოდ ითვლება.
ვარდისფერი გამოხატავს ქალურობას, სიყვარულს, აღტაცებას, სიუხვეს.
წითელი სიყვარულის და ვნების სიმბოლოა.
ნარინჯისფერი – თავდაჯერებულობას და ენერგიას გადმოსცემს, სავსეა სითბოთი და პოზიტივით, კარგი გზავნილია წარმატებული სამუშაოს და პირადი მიღწევის აღსანიშნავად, ასევე სიამაყის და სიმდიდრის სიმბოლოდ მიიჩნევენ.
ყვითელი – კეთილშობილების, მადლიერების და მეგობრობის სიმბოლოა, მზის ფერი ბადებს ბედნიერების განცდას და ღიმილს, ასევე გამოხატავს სიამოვნებისადმი ლტოლვას.
ბერძნული მითის თანახმად შროშანი დედობის და აღორძინების სიმბოლოდ განიხილება, რადგან ითვლებოდა რომ ეს ყვავილი ზევსის მეუღლის – ჰერას რძისგან წარმოიშვა. მითის თანახმად ზევს უნდოდა რომ ყრმა ჰერაკლე ჰერას თავისი რძით გამოეკვება, მაგრამ რადგან ჰერაკლე სხვა ქალმა დაბადა, ჰერა ამაზე არ თანხმდებოდა, ამ დროს მისი რძის წვეთები მიწაზე დაიღვარა და ისინი შროშანად იქცა. ბერძნები მას ასევე სექსუალობის სიმბოლოდ თვლიდნენ.
რომაული ლეგენდის თანახმად როცა ზღვის ქაფიდან სიყვარულის ქალღმერთი ვენერა დაიბადა და შროშანი დაინახა, შეშურდა ყვავილის სილამაზე და მას შუაგულში დამატებით მოგრძო ბუტკო მიანიჭა იმ იმედით, რომ ყვავილი ნაკლებად მიმზიდველი გახდებოდა. ამდენად რომაელებისთვისაც სიყვარულის და ვნების სიმბოლოდ მიიჩნეოდა, რასაც თავად ვენერა განასახიერებდა.
ასირიელები და ბაბილონელებიც ამ ყვავილს ნაყოფიერების და სიყვარულის ქალღმერთ იშთარს უკავშირებდნენ,
ქრისტიანულ რელიგიაში შროშანი ღვთისმშობელთან ასოცირდება – თეთრ შროშანს მარიამის ყვავილს უწოდებენ და ხელოვნებაშიც ხშირად გამოისახება როგორც მისი სიმბოლო.
შროშანი – ბიბლიური ტერმინია, გვხვდება “ძველ აღთქმაში”, განსაკუთრებით ხშირად მეფე სოლომონის “ქაბათა ქებაში”. დავით მეფის დროს მზადდებოდა ამ ყვავილის ფორმის მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელსაც ებრაელები “შროშანს “ეძახდნენ.
ამ ყვავილზე იესო ქრისტეც საუბრობდა: “შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ, არც ართავენ, მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თვითოეული მათგანი “(მათე 6: 28-29)
მისტიკოსმა პოეტმა უილიამ ბლეიკმაც გადმოსცა ამ ყვავილის სილამაზე თავის ლექსში “შროშანი”
შუა საუკუნეებში სამფურცლიანი შროშანის გამოსახულება საფრანგრთში სამეფო ძალაუფლების ემბლემად იქცა.




