კირკე – ბერძნულ მითოლოგიაში მზის ღმერთი ჰელიოსის და ოკეანიდა ნიმფა პერსეს შვილი, კოლხეთის მეფის – აიეტის და. კირკე, მედეას და ჰეკატეს მსგავსად, ცნობილი იყო როგორც ბალახეულისა და სამკურნალო საშუალებების ყველა საიდუმლოს უბადლო მცოდნე. ჯადოქრობა მან თურმე კოლხეთში ჰელიოსის ტაძარში შეისწავლა, ჰომეროსის მიხედვით ცხოვრებდა კუნძულ აიაიაზე, სადაც ჰელიოსმა თავისი ეტლით გადაიყვანა. ზღვებზე კარგა ხნის ხეტიალის შემდეგ ოდისევსი თანამგზავრებთან ერთად მის კუნძულზე მოხვდა. კუნძულის დასათვალიერებლად ხომალდიდან გადმოსული მეზღვაურები კირკემ ღორებად აქცია. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად კირკემ გმირებს პრამნეს ღვინოში აზელილ ქერის, ყველის და თაფლის ნარევში, ჯადოსნური წამალი შეურია და სამშობლო დაავიწყა, რადგან სურდა ოდისევსი მისი ქმარი გამხდარიყო. თუმცა ოდისევსს კირკეს ჯადოსგან თავის დასაცავად ჰერმესმა მცენარე მოლი გადასცა, ხოლო როცა კირკე მიხვდა რომ ოდისევსზე მისი ჯადო არ ჭრიდა, გმირს თავის კუნძულზე დარჩენა შესთავაზა.

ჰესიოდეს მიხედვით კირკეს ოდისევსისგან ეყოლა ვაჟები: აგრიუსი, ლათინუსი (ლათინების წინაპარი) და ტელეგონე, რომელიც შემდგომში ეტრუსკების მმართველი გახდა.  იტალიაში კირკეს მთაზე არსებობდა მისი სახელობის ტაძარი, სადაც გადმოცემით ოდისევსის თასი ინახებოდა, სხვათა შორის კირკეს მთა კოლხეთშიცაა  მითითებული.

კირკეს მიერ ადამიანების ცხოველებად გადაქცევის უნარი ასევე გვხვდება იტალიელი მეფის პიკუსის ამბავში, რომელიც კირკემ კოდალად აქცია. სხვაგან ისიცაა მოთხრობილი თუ როგორ შეუყვარდა მას ზღვის ღმერთი გლავკოსი, რომელმაც კირკეს სიყვარულს ნიმფა სცილა ამჯობინა. კირკემ მოწამლა წყალი, რომელშიც მისი მეტოქე  ბანაობდა და ის საშინელ ურჩხულად აქცია.

კირკეს თემაზე ბევრი ლიტერატურული ნაწარმოებია შექმნილი, მასზე წერდნენ: ესქილე, ოვიდიუსი, პლუტარქე, ჯოვანი ბოკაჩო, ლოპე დე ვეგა, ნათანიელ ჰოთორნი, ედმუნდ სპენსერი, ნიკოლო მაკიაველი, ლაფონტენი, ხულიო კორტასარი, ჯოისი და სხვა.

განსაკუთრებით მრავალფეროვანია კირკეს პიროვნება მხატვრობაში: ის ხან მრჩეველის როლშია დახატული, ხან ქალღმერთის, ხან გრძნეული ჯადოქრის და ხანაც სექსუალური ქალის. კირკეს თემაზეა შექმნილი ანიბელ კარაჩის ფრესკა ”ულისე და კირკე”, დოსო დოსის “კირკე და მისი საყვარლები”, ჯონ კოლიერის “კირკე”, ლუის ჩალონის “კირკე” მზის შვილის სახით და სხვ. ასევე კარგად არის ცნობილი  ინგლისელი მხატვრის ჯონ  უილიამ უოთერჰაუსის რამდენიმე ტილო: “თასის შეთავაზება ულისესთვის”, “კირკე” (ოვიდიუსის “მეტამორფოზების” მიხედვით) და “ჯადოქარი”.

მე-18 საუკუნეში  მოდური  გახდა  ცნობილი ქალების პორტრეტების კირკეს სახით დახატვა. კირკეზე დაიწერა ბევრი ოპერა და მუსიკალური ნაწარმოები. 1963 წელს ამერიკელმა ქორეოგრაფმა მართა გრეჰემმა დადგა  ბალეტი “კირკე”, სადაც გადმოცემული იყო ცხოველურ ინსტინქტთან მიმდინარე ფსიქოლოგიური ბრძოლა

ასტრონომების  მიერ  1855 წელს აღმოჩენილ ასტეროიდს კირკეს საპატივცემულოდ მისი სახელი ეწოდა.