კირკეა ლუტეციანა – მრავალწლიანი ბალახეული მცენარეა, თხელ ღეროზე ამოსული მარტივი ფოთლებით. ღერო ჩვეულებრივ 20 – 50 სმ სიმაღლის იზრდება (იშვიათად 70 სმ აღწევს). ყვავილი თეთრი ფერისაა, ორად გაყოფილი ფურცლით – ყვავის ივნისიდან მოყოლებული აგვისტოს ჩათვლით. მსხლის ფორმის მცირე ზომის ნაყოფს ბასრი ბუსუსები აქვს, რისი საშუალებითაც სხვადასხვა ზედაპირზე შეუძლია მიმაგრება. მცენარე იზრდება  ტყეში, მდინარის ნაპირებზე, უყვარს ჩრდილი და ნოტიო თიხნარი ნიადაგი.

მედიცინაში გამოიყენება ჭრილობების სამკურნალოდ, ნაყენს სვამენ  ჩაის სახით, ფესვებს კი საღებავის დასამზადებლად ხმარობენ.

ამ მცენარის გვარის დასახელება მომდინარეობს ბერძნული მითოლოგიიდან ცნობილი ჯადოქრის –კირკეს სახელიდან, ხოლო კონკრეტული  სახელწოდება – ლუტეცია – პარიზის ლათინური სახელიდან, რომელსაც ძველად ზოგჯერ “ჯადოქრის  ქალაქს” უწოდებდნენ.