მანდრაგორი (Mandragora) – მრავალწლოვანი უღერო ან მოკლეღეროიანი ბალახი, ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მცენარეთა გვარს მიეკუთვნება. აქვს დიდი (80 სმ სიგრძის და 60 სმ სიგანის) ფოთლები, მომწვანო-თეთრი, ცისფერი ან იისფერი ყვავილები და დიდი ნარინჯისფერი, ან ყვითელი კენკრა ნაყოფი.
მანდრაგორის მსხვილი სწორი ფესვები ზოგჯერ ადამიანის სხეულს წააგავს და ამიტომაც მას მაგიურ ძალას მიაწერდნენ, ბევრს ისიც კი ეგონა რომ ფესვი ყვირის, როცა მიწიდან გლეჯენ. ძველად ფესვისგან დამცავ ამულეტებს ამზადებდნენ და სჯეროდათ რომ ამ თილისმას ყველაფრის განკურნება შეეძლო, ბრძოლაში კი გამარჯვება მოჰქონდა, მისგან ასევე სასიყვარულო ნაყენს ხარშავდნენ, რაც უნაყოფობისგან კურნავდა.
გერმანულ მითოლოგიაში სიტყვა მანდრაგორი აღნიშნავდა ადამიანის სახის მქონე ჯუჯა არსებას, რომელსაც თავისი პატრონისთვის წარმატების და სიმდიდრის მოტანა შეეძლო.
მანდრაგორის ფესვი ასევე გამოიყენებოდა როგორც ძლიერმოქმედი ჰალუცინოგენი. მცენარე ხშირად იხსენიება შუასაუკუნეების ჯადოქრულ რეცეპტებში, მიჩნეული იყო “მფრინავი მალამოს” ან “ჯადოქრის ნაყენის” ერთერთ მთავარ ინგრედიენტად.
ყველაზე მეტად ფასობდა ის ფესვები, რომელიც უფრო წააგავდა ადამიანის სხეულს, მითუმეტეს თუ სქესის განმასხვავებელი ნიშანიც ჰქონდა, რადგან მიღებული იყო მანდრაგორის დაყოფა მდედრობით და მამრობით სქესად.
ძველეგვიპტური ლეგენდებიდან მოყოლებული მანდრაგორს მიაწერდნენ ნაყოფიერების და სიყვარულის მომტან ჯადოსნურ ძალას. ის ყველაზე ადრე იხსენიება ბაბილონურ და ასირიულ წარწერებში, ასევე “ძველ აღთქმაში”. ეგვიპტეში მის ნაყოფს საკვებში ურევდნენ, როგორც სიყვარულის ნექტარს, ხოლო ბერძნები მას სიყვარულის მცენარედ მიიჩნევდნენ.




