“ოდისეაში” ჰომეროსი გვიყვება , რომ ჰერმესმა ოდისევსს კირკეს ჯადოქრობისგან თავის დასაცავად მცენარე მოლი გადასცა, მაშინ როცა ის თანამგზავრების გადასარჩენად კირკეს სასახლეში მიდიოდა. ამ მცენარეს ჰომეროსი და ოვიდიუსი ასე აღწერენ: ფესვი შავი ჰქონდა, ყვავილი კი რძესავით თეთრიო.
ფტოლემაიოს ჰეფესტიონის “ახალი ისტორიის” თანახმად მცენარე კირკეს კუნძულზე ჰელიოსის მიერ დამარცხებული ტიტანის სისხლისგან წარმოიშვა. აღწერით ყვავილი თეთრი ფერის იყო, ხოლო სახელი (ბერძნ. “მალოს”) ტიტანთან მძიმე ბრძოლის გამო მიიღო.
მეცნიერებს შორის ბევრი დავა და კამათია ამ მცენარის ამოსაცნობად, ბევრი მოსაზრება არსებობს, თუმცა საკითხი გარკვეული არ არის, ზოგი მიიჩნევს რომ ჰომეროსმა ამ ჯადოსნური მცენარის სახელი ძველ ეგვიპტურ პაპირუსებში ამოიკითხა და სახელიც შესაძლოა ფინიკიური ან ეგვიპტური ენიდან მომდინარეობდეს, ამიტომაც ახლა მისი ამოცნობა უკვე თითქმის შეუძლებელია.
მედიცინის ისტორიკოსებს კი მიაჩნიათ, რომ ჰომეროსის მონათხრობი კირკეს მიერ გმირების ცხოველებად გადაქცევაზე პირდაპირად და სიტყვასიტყვით კი არ უნდა გავიგოთ, არამედ შეიძლება ვივარაუდოთ რომ ეს მოვლენა განეკუთვნება ანტიქოლინერგიულ ინტოქსიკაციათა რიგს. მისი სიმპტომატიკა ამნეზიას და ჰალუცინაციებს გულისხმობს, აქედან გამომდინარე “მოლის” აღწერა შეიძლება მიესადაგოს – თეთრყვავილას, რომელიც შეიცავს გალანტამინს და ამდენად მას შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ანტიქოლინერგიულ ეფექტს.




