“სინქრონისითი” – ციფრულ-ტექნოლოგიური ინტერაქციული პერფორმანსი
1.10.2022, 20:00
თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, დოდო აბაშიძის 10
პროექტი “სინქრონისითი” არის ინსტალაცია, რომელიც შეიქმნა ქართული ანბანის, არქიტექტურის და მათემატიკური კავშირების ურთიერთქმედებით. ქართული ანბანისა და მისი რიცხვობრივი მნიშვნელობების გარდასახვისას წარმოიშვება ციფრული ალგორითმი, რომელიც ეყრდნობა შემთხვევითობის პრინციპს და მის შემდგომ ქმედებებს.
შედგენილი ალგორითმი აჯამებს ყველა იმ ინფორმაციას, რასაც მაყურებელი ტელეფონის ეკრანზე შევსებული კითხვარით აწვდის, შედეგად კი ეკრანზე გამოდის იმ ადამიანების ’’ სიტყვების ცეკვა “, რომლებიც ალგორითმის საშუალებით, ანუ შემთხვებითობის პრინციპით გადაიკვეთნენ.
ვიდეო ინსტალაცია შედგება ორი ეტაპისგან. პირველი – ‘’თევზის ცეკვა’’ – აუდიო-ვიდეო ინსტალაციაა, რომელიც სიმბოლურად გამოსახავს იმ მოცემულობას, რომელშიც ვიბადებით – გარემო, ლანდჩაფტი, კულტურა, სოციუმი, რელიგია,დრო…. ყველაფერი ის რაც ჩვენს გარშემოა და ჩვენს განვითრების პროცესებს ნებით თუ უნებლიედ განსაზღვრავენ.
ეს არის ის მოცემულობა, რასაც ვერ ვცვლით გარკვეულ დრომდე, ან საერთოდ სიცოცხლის ბოლომდე და თუ არის გზა შევცვალოთ მოცემულობა ?! და რა ხდება მაშინ ? ! აუდიტორიის ინტერაქცია შესაძლებელია მხოლოდ ინსტალაციის პირველი ნაწილის მიმდინარეობისას. ისინი, ვინც გადაწყვეტს მიიღოს მონაწილეობა ინტერაქციულ პერფორმანსში ეძლევათ შანსი სინქრონიზაციის, თუმცა შესაძლებელია არ ჩაერთოთ ინტერაქციაში და დარჩეთ დამკვირვებლის ამპლუაში.
მეორე ნაწილი – აუდიტორიასთან ციფრული ინსტალაციით ინტერაქცია ხდება საინფორმაციო პანელით, სადაც აუდიტორიის წარმომადგენლები წერენ თავიანთ სახელებს, ერთ სასურველ სიტყვას და პირად მეილს. მეორე ეტაპი სრულად ეყრდნობა აუდიტორიის ქმედებებს. მოცემული პროექტისთვის სპეციალურად შექმნილი ალგორითმი იდენტიფიცირებას ახდენს იმ ადამიანების და მათი შეყვანილი სიმბოლოების, რომლებიც ერთმანეთს სპეციალურად შექმნილი ალგორითმით დაემთხვნენ და მხოლოდ ამის შემდეგ, ზუსტად იმ მომენტში, ეკრანზე ქრონოლოგიურად გამოჩნდება დასინქრონებული ‘’სიტყვების ცეკვა’’. აუდიტორია იხილავს მოცემულ სანახაობას, ხოლო აუდიტორიის ის წევრები, რომლებიც ალგორითმის შემთხვევითობით დასინქრონდნენ ერთმანეთთან, ინტერაქციულ- ტექნოლოგიური პერფომანსის შესრულებისთანავე პირად მეილზე მიიღებენ იმ „ ანბანური ცეკვის,’’ ვიდეო ინსტალაციის ჩანაწერს, რომელიც შეიქმნა იმ მომენტში მათი დამთხვევის საშუალებით.
ინტერაქციული პერფორმანსი ყოველ ჩვენებაზე განსხვავებული იქნება, რადგან ის დამოკიდებულია იმ აუდიტორიაზე რომელიც მოახდენს ინტერაქციას, შესაბამისად, ასო-ნიშნების ცეკვა იქნება უნიკალური, განუმეორებელი … ციფრულ ინსტალაცია “სინქრონისითის” მეორე ნაწილი ცოცხალი ელექტრონული მუსიკის ფონზე შესრულდება.
მოცემული ვიდეო ინსტალაცია აერთიანებს სამ ენას: ანბანს, არქიტექტურასა და მათემატიკას. სწორედ მათი გადაკვეთით ხდება შესაძლებელი ექსპერიმენტული სანახაობის ჩვენება. მათემატიკა გამოსახულია ციფრულ ტექნოლოგიებში, არქიტექტურა – წყობასა და სისტემაში, ანბანი კი სამეტყველო ენაში.
ადამიანის თითოეული ქმედება დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რადგან მოგვეცა ინფორმაციის სწრაფი გაზიარების საშუალება და მარტივი წვდომა პლანეტის ნებისმიერ წერტილში ინტერაქციისთვის. ინსტალაცია გამოსახავს სამი ტრინიტის მნიშვნელობას სამყაროსთვის და ადამიანების ჩართულობას იმ მომენტში, სადაც ხდება მომავლის გადმოტანა აწმყოში და ხაზს უსვამს თუ რა ხდება ახლა, ამ მომენტში. ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ თუ რამხელა უკუკავშირი შეიძლება ჰქონდეს თითოეულ ქცევას ალბათობის პრინციპზე დაყრდნობით. რადგან ადამიანები ვართ მატარებელი სიტყვის, რიცხვის, აზრის, დამთხვევა აუცილებლად მოხდება.
ინტერაქციულ- ტექნოლოგიური პერფომანსი “სინქრონისითი” არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ ნებისმიერ ქმედებას აუცილებლად მოყვება შედეგი, რაც უბიძგებს ადამიანს მეტი აქტივობისკენ და ნაბიჯების გადადგმისკენ. ინსტალაციის ღირებულებას განაპირობებს ისიც, რომ ის ერთ სივრცეში თავს უყრის ქართული ერისთვის ორი მნიშვნელოვანი და ამასთანავე კონფლიქტური ფემონომენების არსებობას: ერთი მხრივ ქართული ენა და ანბანი, რომელიც ხელშეუხებელი კულტურული მემკვიდრეობის მაგალითია, სიამაყის ობიექტი, რომელიც ხშირად გამხდარა პოლიტიკურად მანიპულაციის მიზეზიც პოსტსაბჭოთა წარსულში. მეორე მხრივ ტექნოლოგიური სიახლეებისა და უცხოს მიმართ შიში, რომელიც ჩვენს ერს ნაწილობრივ ახასიათებს. ამ მხრივ, ინსტალაცია სრულიად სხვა დღის წესრიგს გვთავაზობს, ის ძველის და ახლის ჰარმონიული კოლაბორაციის მაგალითია, სადაც ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ქვაზე დაწერილი დამწერლობა , ამჯერად არა მხოლოდ უახლესი ციფრული ალგორითმით ცოცხლდება, არამედ სივრცეს ტოვებს ინტერაქციისთვის, ექსპერიმენტებისთვის, კომუნიკაციის ახალი გზებისთვის და ემოციებისთვის. ამიტომ “სინქრონსითი”-ს კულტურული მემკვიდრეობის მომავალთან დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციაც შეიძლება ჰქონდეს, რომელიც ციფრულ ხანაში ერის იდენტობის, ღირებულებების და მისწრაფებების შენარჩუნების ყველაზე ეფექტური გზაა.
აღწერილი ინტერაქციულ-ტექნოლოგიური პერფორმანსი სრული პროექტის პირველი ნაწილია.
მაკა კილაძე- პროექტის ავტორი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი/
თემურ ჩიჩუა -პროგრამული ინჟინერი/
ნატალია ბასილაია-კომპოზიტორი, მუსიკოსი
გიო სუმბაძე- ქართული ანბანის ფონტის ავტორი
გიორგი თავშავაძე- ანიმაციის შემქმნელი
დენის სანთურიანი- პროგრამული დეველოპერი