21-28 სექტემბერს გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გოეთეს ინსტიტუტთან პარტნიორობით, შემოქმედებითი  კომპასის ფარგლებში, წარმოგიდგენთ მულტიმედია არტისტისა და კირკე ექსპერიმენტული ცეკვისა და თეატრის პლატფორმის დამფუძნებლის მაკა კილაძის პროექტს “Mi Zi Inana”. პროექტი მტკვარი-არაქსის კულტურას სხვადასხვა მედიუმის დახმარებით იკვლევს და უძველეს გამოცდილებას თარგმნის თანამედროვე ხელოვნების ენაზე.

ადგილი: გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; კირიონ II-ს ქუჩა 12.

21 სექტემბერი 16:00 საათი – მულტიმედია ინსტალაცია Mi Zi Inana, გამოფენის გახსნა

ინსტალაცია მი ზი ინანა (თარგმანი შუმერულიდან ქართულად ნიშნავს: „ჩვენ შორის ღმერთმა გაიარა“) მულტიმედიური ნამუშევარია და დაკავშირებულია მითთან, რომელიც მტკვარი-არაქსის კულტურის გარშემო არსებობს. გამოფენის ფოკუსში ქალღმერთი ნანა ექცევა, რომელიც ნაყოფიერების ქალღმერთია და საკუთარ თავში მიწიერსა და მისტიკურს აერთიანებს. დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობის ფონზე გამოფენა გვაბრუნებს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების საჭიროებასთან.

21 სექტემბერი 17:00 – 17:30 საათი – ექსპერიმენტული ცეკვის ფილმის ჩვენება: One Drop of Blue

ფილმი მომზადებულია კირკე – თანამედროვე ცეკვისა და თეატრის ექსპერიმენატული პლატფორმის მიერ,  Saqanima-სა და Metallique-თან პარტნიორებით. “ერთი  წვეთი ცისფერი” მტვკვარი-არაქსის უძველესი კულტურის ინპირაციითაა გადაღებული უფლისციხეში. ეს მზის ქალაქი იყო – უფლის ქალაქი, სადაც ყველა ქურუმი და ქურუმთ-მსახური ცხოვრობდა.

22 სექტემბერი 13:00 – 14:00 საათი – ზვიად შერაზადიშვილის საჯარო ლექცია “მტკვარ-არაქსის კულტურის პერიოდის სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები სამხრეთ კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთს შორის”

ზვიად შერაზადიშვილი გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის არქეოლოგიის ფონდის კურატორია. მისი ლექცია აუდიტორიას გააცნობს მტკვარი-არაქსის კულტურის პერიოდის სავაჭრო და კულტურული ურთიერთობებს შეეხება სამხრეთ კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთს შორის.

22 სექტემბერი 14:00 – 16:00 საათი – მაგიური კუბის ვორქშოპი და მოკლემეტრაჟიანი ფილმის, “ერთი წვეთი ცისფერის” ანიმაციური ვერსის ჩვენება.

ვორქშოპის ფარგლებში მაკა კილაძის მენტორობით მონაწილეები დაამზადებენ მაგიურ, მოძრავ კუბებს, რომელიც  ორიგამის ტექნიკას ეფუძნება. კუბები 72 სხვადასხვა ფორმას იღებს, მათ შორის ცხოველებისა თუ ფრინველების ფორმებს და სამყაროს მუდმივ ცვალებადობას განასახიერებს. ვორქშოპი ხელს უწყობს მონაწილეებს გაიძლიერონ  სენსორულ-მოტორული უნარები, ფანტაზიის უნარი, იმუშაონ ობიექტებზე და წარმოიდგინონ ობიექტები როგორც დამოუკიდებლად, ასევე როგორც რეკვიზიტი მოძრაობაში ადამიანების დახმარებით. ვორქშოპის ფარგლებში მოეწყობა ექსპერიმენტული ცეკვის ფილმის, “ერთი წვეთი ცისფერის” ანიმაციური ვერსიის ჩვენება. ფილმში  გამოყენებულია მაგიური კუბები. 

ვორქშოპის სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/Cmi1AM5rA7jLjiBC9

პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორს, ქალბატონ თამილა კოშორიძესა და მის გუნდს!